ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობასა და ელჩებს შორის ურთიერთობის გააქტიურებაზე საუბრობს

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობასა და ელჩებს შორის ურთიერთობის გააქტიურებაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუცილებელია, ელჩებმა საქართველოში განხორციელებული რეფორმირების წარმოჩინების კუთხით მათი ჩართულობის მნიშვნელობა გაიაზრონ.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს ამბასადორიალის გახსნის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ელჩებს. პრემიერის თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო გაეხსნა ამბასადორიალი, ვინაიდან, ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, როდესაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებობა აქვთ ჩამოვიდნენ და უშუალოდ ადგილზე შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წევრებსა და ყველა იმ პირს, ვისთან ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვანია.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთობლივად დავსახოთ სამოქმედო გეგმები, ვისაუბროთ იმ ნაკლოვანებებზე და ჩავარდნებზე, რომელიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მე მინდა გავააქტიუროთ ურთიერთობა მთავრობასა და ელჩებს შორის. მე მესმის ის როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ელჩებს აკისრია და საჭიროა ამ პოტენციალის სრულად გამოყენება, მათი კავშირების გააქტიურება იმისთვის, რომ მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. გზავნილი, რომელიც გუშინ ჩვენ გავუშვით გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნით, არის ის, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ინვესტიციების მოზიდვას უცხო ქვეყნებიდან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გადაადგილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უწყების გააქტიურებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საჭიროა მეტი ჩართულობა და აქტიურობა.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს ექნება საშუალება კიდევ ერთხელ შეხვდეს ელჩებს და უკვე ვრცლად ისაუბროს იმ რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ხორციელდება.