თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, მე მგონია, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიმაშვილმა ჟურნალისტებს ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, იმდენი საინტერესო რამ ხდება, რაც ჩინეთთან მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება, ასევე არ არის დამატებით საჭირო იმის ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
"ასევე მგონია, არავისთვის უინტერესო არ არის ის დადებითი პროცესები, რომელიც დასავლეთის ქვეყნების ირანთან მოლაპარაკებების კუთხით ხდება. მე მგონია, საქართველოსთვის უაღრესად საინტერესოა ეკონომიკურად ეს პროცესები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას გააკეთა.
"ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.