გიორგი კვირიკაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი

გიორგი კვირიკაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი, – ამის შესახებ ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

"უმთავრესი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ძალისხმევა მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდაზე, რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი. გავაგრძელებთ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, გავააქტიურებთ დიპლომატიური ურთიერთობების გამყარების პროცესს შორეულ ქვეყნებთან, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მივიტანოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

როგორც ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის ძალისხმევას არ დაიშურებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. 

"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია სათავეში ჩავუდგე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს. გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცხადია, უცვლელი რჩება, ვინაიდიან ისინი განსაზღვრულია არა რომელიმე მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნებით. ქართული დიპლომატია ყოველთვის წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას თავს", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.