საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს.
როგორც პრემიერმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობას ზრდის, რის გამოც ხელისუფლებამ რუსეთთან ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ამით, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყვეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყანას როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან და სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს.
"ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ერთობლივ ენერგოპროექტებზე, რომლებსაც აზერბაიჯანთან ერთად ვახორციელებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარება, რაშიც თქვენ, ელჩებს განსაკუთრებული მისია გაქვთ", - მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.