პრეზიდენტის წინადადებები და მოტივირებული შენიშნვნები საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

პრეზიდენტის წინადადებები და მოტივირებული შენიშნვნები საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის წინადადებები და მოტივირებული შენიშნვნები საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა. 
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირეს.

მთავარი განსხვავება არის საკითხის პრინციპში _ უმრავლესობა კვლავ საჭიროდ თვლის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და ცალკე სააგენტოს ჩამოყალიბებას. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ საფინანსო ზედამხედველობის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკში დარჩეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პრეზიდენტს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

"პრეზიდენტის ვეტო და მისი მოტივირებული შენიშვნები პოლიტიზირებული რომ იყო, ეს გიორგი კვერენჩხილაძესაც არ დაუმალავს, როცა მან ბრძანა, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესი პოლიტიკური საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს, რადგან მის ხუთ წევრს მთავრობის წარდგენით პარლამენტი ამტკიცებს და იმ პოლიტიკური გუნდის ინტერესების მატარებელი შეიძლება გახდეს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა წარმოადგენს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ბანაკად თვლიან თავს და ცდილობენ, არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებას. ამით პრეზიდენტი საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზ მეჭიაურმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი დღეს, პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებს. უმრავლესობა პრეზიდენტის კანონპროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.