საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რამდენად ნაკლოვანია ეროვნული ბანკის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"დღევანდელი საინტერესო დისკუსიის მიუხედავად, ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი პროფესიული არგუმენტი, თუ რატომ უნდა მოხდეს ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა. დისკუსიისას ჩანდა კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნდოვანი მომავლის იმედით ვერ ვიქნებით. ვსაუბრობთ საბანკო ზედამხედველობაზე, რომელიც ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ეფექტურად მუშაობს და პასუხს ვერ ვიღებთ, რა რეალური პრობლემა არსებობს. ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით კონსტიტუციური ინსტიტუტის – ეროვნული ბანკის ასე უაპელაციოდ დანაწევრებას", - განაცხადა გუშინ გიორგი აბაშიშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ ვეტო არის თანამშრომლობის და არა დაპირისპირების ინსტრუმენტი და ვეტო იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს კანონპროექტის ნაკლოვან მხარეებზე დაფიქრება და მისი გამოსწორება.
პრეზიდენტის ვეტო გუშინ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. უმრავლესობის წევრებმა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. პრეზიდენტის პროექტის მთავარი არსი ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვებაში მდგომარეობს.