დღეს ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილი მივიდა, სადაც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრირა.
მის მხარდასაჭერად კი ფედერაციის ოფისთან ასეულობით გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც კობიაშვილისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ქართულ ფეხბურთში დღეს ყოვლად მიუღებელი სიტუაციაა. მდგომარეობა სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ფეხბურთი აღარ გვექნება. ლევან კობიაშვილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ ქართულ ფეხბურთს სათავეში ჩაუდგეს. მჯერა, რომ იგი საკუთარი წესიერებითა და პროფესიონალიზმით საქმეს ღირსეულად გაუძღვება“, - თქვა შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით კოპალიანმა.
„აქ მოვედით ის ხალხი, რომლებსაც გული გვტკივა მომაკვდავი ქართული ფეხბურთის გამო. რევაზ არველაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მორალური უფლებაც არ აქვს, რადგან სამი პრეზიდენტის დროს ფედერაციაში მეორე-მესამე კაცი იყო და ქართული ფეხბურთის დანგრევაში აქტიური თანამონაწილეობა მიიღო. მოვედით იმიტომ, რომ გვჯერა, ფეხბურთს ლევან კობიაშვილი დაგვუბრუნებს“, - განაცხადა გულშემატკივარმა ზურაბ გრძელიძემ.