კოალიცია "ქართული ოცნება" საგარეჯოში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საგარეჯოს საარჩევნო ოლქში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის მხრიდან საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ვრცელდება განცხადებები, რომელთა მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, თითქოს "ქართული ოცნება" საგარეჯოში არა კოალიციის მიერ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატს, თამარ ხიდაშელს, არამედ ირმა ინაშვილს უჭერს მხარს. კოალიცია "ქართული ოცნება" ხაზგასმით აცხადებს, რომ კოალიციის წევრი თითოეული პარტია სრულად იქნება მობილიზებული საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად. აღნიშნული მხარდაჭერა უზრუნველყოფს კოალიციის კანდიდატის დამაჯერებელ გამარჯვებას საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში", - აღნიშნულია განცხადებაში.