ბევრი შემოთავაზება მაქვს და განვიხილავ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა "ტელეიმედს" განუცხადა.
"თქვენ იცით ჩემი კარიერა, ჩემი პრიორიტეტები, ჩემი პროფესიული გზა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რაც წაადგება საქართველოს და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, რომელსაც ვემსახურები 25 წელი. დანარჩენს მოვლენები გვიჩვენებს. არაფერი დრამატული არ არის, ამას უნდა შევხედოთ საღი თვალით", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
დარჩება თუ არა საგარეო უწყებაში, ამაზე თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს: - "მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ".
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა. გიორგი კვირიკაშვილი კი დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. ღარიბაშვილმა ბერუჩაშვილს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.