საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ ვანო მაჭავარიანს ეჭვი ეპარება, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულმა გადაადგილებებმა არსებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დაძლევის კუთხით რაიმე საფუძვლიანად შეცვალოს.
როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი კვალიფიციური კადრია, თუმცა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მუშაობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ მას "უჭირდა მთელი რიგი საკითხის გატანა და დროული იმპლემენტაცია". მაჭავარიანის აზრით, მთავრობის ცალკეულ წევრებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ნაკლები საშუალება აქვთ, ამ კუთხით სხვების მსგავსად რთული გამოწვევები ჰქონდა გიორგი კვირიკაშვილსაც.
"მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუკი საქართველოს საგარეო პოლიტიკა მეტად იქნება ორიენტირებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გამყარებაზე და თუ გიორგი კვირიკაშვილს მიეცემა ამის საშუალება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ეკონომიკის მინისტრობის დროს მას უჭირდა მთელი რიგი საკითხის გატანა და დროული იმპლემენტაცია. მთავრობაში არ არიან პირები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთ თავზე აიღონ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა და ეს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა - გადაწყვეტილების მიღება ჭირს, თუ ის არ არის შეთანხმებული "სხგაგან". ამ მიმართულებით, როგორც ცალკეულ მინისტრებს, ისე კვირიკაშვილსაც ჰქონდათ რთული გამოწვევები. თუ ეს თემა დაიძლევა და უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაინც მიეცემა მას საგარეო-ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საშუალება, მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეკონომიკის მინისტრად მუშაობის დროს მას ჰქონდა ამ კუთხით პრობლემები. ეს გამოჩნდა მთელ რიგ დაგვიანებულ გადაწყვეტილებაში, რომელმაც საქართველო ძალიან რთულ ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა. ამ თვალსაზრისით, ცოტა რთული წარმოსადგენია, გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად გადაყვანამ რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ქვეყნის მმართველობის გაუმჯობესების თუ უშუალოდ შექმნილი სიტუაციის გამოსწორების კუთხით", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნას, პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თქმით, ნეტაგიურ სურათს ხედავს იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს ის შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ფონზე რამის უკეთესობისკენ შეცვლას.
"დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც ცნობილია, იყო გიორგი კვირიკაშვილის მოადგილე. როგორც ჩანს, ამ მოადგილეობას გააგრძელებს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე. ეჭვი მეპარება, რამდენად შეძლებს ის, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ფონზე რამე შეცვალოს. ძალიან ნეგატიურ სურათს ვხედავ იმასთან დაკავშირებითაც, ექნება თუ არა მას საკმარისი მასშტაბი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ქუმსიშვილი ბუნებით არ არის პოლიტიკოსი, არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, აქვს მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული პასუხისმგებლობა და ალბათ, როგორი ტექნოკრატიც იყო, ისე გააგრძელებს ტექნოკრატიულ საქმიანობას. ეს კი არ არის ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გამოსავალი. ასე რომ, ეჭვი მეპარება ამ გადაადგილებამ რაიმე საფუძვლიანად შეცვალოს არსებული კრიზის დაძლევის გზაზე", - აღნიშნა პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.
საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.
თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის უკვე ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი, ამას ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.