საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს საინტერესო გადაწყვეტილებად აფასებს.
დეპუტატის თქმით, მთავრობა არსებულ გამოწვევებზე განახლებული შემადგენლობით აპირებს მუშაობას. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანას საგარეო მიმართულებით აქვს წარმატებები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის სახით, მიდის მუშაობა ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, ხოლო საგარეო უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილება პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
რაც შეეხება ეკონომიკის ახალ მინისტრს, ბესელიას შეფასებით, დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერი და ხელმძღვანელია და მან ეკონომიკის სისტემა კარგად იცის.
"ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას. პრემიერს აქვს ნდობა იმისთვის, რომ მთავრობაში ცვლილებები განახორციელოს", - აცხადებს ეკა ბესელია.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენლის გედევან ფოფხაძის აზრით კი, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები უფრო ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს ვიდრე სტრატეგიულს. ფოფხაძის თქმით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მას კითხვის ნიშნები არ აქვს.
"გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამოკვეთილი წარმომადგენელი და შეუძლია თავისი საქმე გააკეთოს იმ თანამდებობაზე, სადაც დაინიშნა. დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას კარგად იცნობს, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ეს არის მთავრობის გადაადგილება ორგანიზაციულად, უფრო სწორი და ახალი როლების განსაზღვრის კუთხით", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.