ნინო გოგუაძე:  პრემიერ-მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა

ნინო გოგუაძე: პრემიერ-მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ნინო გოგუაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა თავისი გუნდის ყოფილი წევრს - თამარ ბერუჩაშვილს, რაც ძალიან ცუდია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.

ასე გამოეხმაურა გოგუაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში პრემიერ-მინისტრის განცხადების იმის შესახებ, რომ სურს, საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას უკვე ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.

"მე ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება ჯერ არ მომისმენია. პრემიერ-მინისტრი ტოტალურ შეურაცხყოფას და უპატივცემულობას ამკვიდრებს ქვეყანაში და შეურაცხყოფს არამარტო ოპოზიციას, არამარტო ჟურნალისტებს, არამედ, სამწუხაროდ, საკუთარი გუნდის წევრებსაც. იმ ადამიანს, რომელიც გუშინ მისი გუნდის წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ჩემი აზრით, საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა და ეს ძალიან ცუდია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ღარიბაშვილს არ ესმის, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს", - განაცხადა გოგუაძემ.

რაც შეეხება ზოგადად, საკადრო ცვლილებების შეფასებას, "თავისუფალი დემოკრატების" აზრით, მასში არანაირი პოლიტიკა არ ჩანს.

"პრემიერ-მინისტრის ახსნა, გიორგი კვირიკაშვილი იმიტომ გადაიყვანა საგარეო საქმეტა მინისტრად, რომ ინვესტიციებს მოიზიდავს, არის სრულიად მცდარი. საგარეო საქმეთა მინისტრი კი არ იზიდავს ინვესტიციებს, არამედ - სახელმწიფო და სახელმწიფოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და სტაბილურობა. გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთადერთი ადეკვატური მინისტრი მთავრობის მთელ ეკონომიკურ გუნდში, რომელიც შექმნილი ეკონომიკური ვითარების სირთულეს არ გაურბოდა და აღიარებდა, რომ დიახ, საქართველოს ეკონომიკაში არის პრობლემები. ახლა ეს ერთადერთი ადეკვატური მინისტრი, გაუგებარია რატომ, გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად და დანიშნეს ბატონი ქუმსიშვილი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა. რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილიც არ იყო პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ 3 წელი იყო მთავრობაში და პოლიტიკოსად ჩამოყალბიდა. ქუმსიშვილი საერთოდ არ არის პილოტიკური ფიგურა და ამ მთავრობას საერთოდ არა აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ძალიან ცუდია. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა, რომელიც თვითონ არ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს, რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, განწირულია წარუმატებლობითვის", - განაცხადა გოგუაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი ცვლილებები მიუთითებს, რომ მთავრობაში უპასუხისმგებლობა გრძელდება.