წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა არის საშუალება, რათა გაამხნევონ საქართველო, რომ მან არ დაკარგოს რწმენა ნატო-სთან მიმართებაში , - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა ლორა ლინდერმანმა განაცხადა. მისი თქმით, ამავე დროს, ალიანსი ცდილობს, გაიმყაროს პოზიციები კავკასიაში რუსეთის საპირწონედ.
"ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეგიონისთვის უნიკალური ცენტრია. ის შეიქმნა, რათა მოკავშირეებს, საქართველოსა და სხვა პარტნიორებს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაზრდაში დაეხმაროს. ცენტრი დაკავშირებულია ნატოს სამხედრო წვრთნებთან - Agile Spirit, რომელიც საქართველოში ახლახან გაიმართა და ბულგარეთიდან, საქართველოდან, სლოვენიიდან, რუმინეთიდან და ლატვიიდან 250 ჯარისკაცს მოუყარა თავი. ცენტრიც და ეს წვრთნებიც იმ გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ნატო-მ უელსის სამიტზე მიიღო და საქართველოს არსებითი პაკეტი შესთავაზა. არსებითი პაკეტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ნატო-ს გადაწყვეტილება, გახსნას წვრთნისა და შეფასების ბაზა და ჩაატაროს წვრთნები, საქართველოსათვის უფრო მეტი მხარდაჭერის დემონსტრაციაა იმ დროს, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ არ სთავაზობენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ესაა აგრეთვე საშუალება, რათა გაამხნევონ საქართველო, რომ მან არ დაკარგოს რწმენა. ამავე დროს, ვფიქრობ, ალიანსი ცდილობს, გაიმყაროს პოზიციები კავკასიაში რუსეთის საპირწონედ", - განაცხადა ლინდერმანმა.
"ამერიკის ხმა" დაინტერესდა თუ როგორ აფასებს ლინდერმანი ამ ცენტრის გახსნით რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარის თქმით, საქართველო რუსეთთან მიმართებით უკიდურესად რთულ ვითარებაშია.
"ვხედავთ, რომ რუსეთმა აგრესია განაახლა და სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარი გადმოსწია. ნათელია, რომ რუსეთს საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია. რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც 2008 წლამდე მიჰყვებოდა. საქართველოს რუსეთის შეჩერება არ შეუძლია. დასავლეთი კი, რუსეთის ქმედების მკაცრად დაგმობის გარდა, საქართველოს ვერაფერს სთავაზობს. ამ ვითარებაში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები იგივეა და საერთო ჯამში, უარესდება კიდეც, რადგან არაფერი შეცვლილა. საქართველო რთულ ბრძოლაშია. ვურჩევდი საქართველოს მთავრობას, შეძლებისდაგვარად ფართოდ წარმოეჩინა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის სტრატეგიული მნიშვნელობა. საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს დერეფანი კი ენერგო და სხვა რესურსების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ნავთობისა და გაზის სადენებს, პორტებს, რკინიგზასა და საავტომობილო გზებს მოიცავს. დერეფანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ხაზს უსვამს გლობალური ვაჭრობისა და ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და იოლი [სავაჭრო] გზის მნიშვნელობას", - განაცხადა ლინდერმანმა.
რაც შეეხება ვარშავის სამიტს, ლინდერმანი მიიჩნევს, რომ თუ როგორ უნდა წარმოაჩინოს თავი საქართველომ ვარშავის სამიტის წინ, მას ამის გაკეთება რამდენიმე გზით შეუძლია.
"ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს კრეატიული გზები, რათა საქართველომ მიაღწიოს ნატო-ს წევრობას MAP-ით, ან MAP-ის გარეშე. MAP-ი მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ის არაა ნატო-ში გაწევრიანების ერთადერთი გზა. დასაწყისისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს ნატო-საგან, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსმა განაცხადოს შემდეგი: საქართველოს შეუძლია ნატოში გაწევრიანება MAP-ის გარეშე. ვარშავის სამიტი მნიშვნელოვანი სამიტია. საქართველო ერთ-ერთია იმ ასპირანტ ქვეყნებს შორის, რომლებიც გადაწყვეტილებებს ელიან. ვფიქრობ, ამიტომაა, რომ საქართველოს მთავრობა უფრო აგრესიულად მოითხოვს ალიანსისაგან საქართველოს წინსვლის აღიარებას. საუბარია მნიშვნელოვან წინსვლაზე პოლიტიკური და სამხედრო რეფორმების მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველომ ბევრი გააკეთა. მას მხოლოდ ნატო-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები აბრკოლებს. ეს გადაწყვეტილებები კი, ნათელია, რომ მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის გარშემო არსებულ ვითარებას", - განაცხადა ლინდერმანმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დამაჯერებლად ჩამოაყალიბოს, თუ რატომაა ის მნიშვნელოვანი.
"როგორც ვთქვი, რთული საკითხია. გაისად საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება. შეერთებული შტატების მთავრობის ყურადღება სხვა გამოწვევებისკენაა მიმართული. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დამაჯერებლად ჩამოაყალიბოს, თუ რატომაა ის მნიშვნელოვანი და რატომ უნდა იფიქროს შეერთებულმა შტატებმა მასზე. ამავე დროს, ვფიქრობ, საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, ვთქვათ, გერმანიასა და თურქეთთან საუბარს, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოში. ვფიქრობ, საქართველო უნდა შეეცადოს, უფრო მჭდრო ორმხრივი სამხედრო კავშირის დამყარებას შეერთებულ შთატებთან, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო-ს წევრობაში დაეხმარება", - აღნიშნა ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა.