ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ხვალ იწყება. მოლაპარაკებას ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე გაუძღვება.
"საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ექსპორტის ხელშეწყობაა, საექსპორტო ბაზრების და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) (აერთიანებს შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს) მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაეხსნება, რომელიც 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ეს პირველი საერთაშორისო შეთანხმება იქნება, რომელსაც საქართველო ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს. მხარეთა შორის შეხვედრები და მოლაპარაკებების პროცესი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
EFTA-თან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ხვალ, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიხსნება.