უკრაინის დედაქალაქში უმაღლეს რადასთან შეტაკებები შეწყდა. "უნიანის" ცნობით, ამის შესახებ კიევის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.
"შეტაკებები შეწყდა. პოლიცია და ეროვნული გვარდია აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩნებას სამთავრობო შენობასთან. დგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ამ დროისთვის ჩვენ ვადასტურებთ მედიის ორი წარმომადგენლის დაშავების შესახებ ინფორმაციას", - წერია პოლიციის განცხადებაში.
პარალელურად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულია 30-მდე აქტივისტი. "გრძელდება დაკავებები. დაკავებულია ის ადამიანიც, რომელმაც ყუმბარა ისროლა", - აღნიშნავს ავაკოვი.
გავრცელებული ცნობით, დღეს მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა 100 ადამიანი. მათი უმრავლესობა სამართალდამცველი და ეროვნული გვარდიის წევრია. აქტივისტებმა უმაღლესი რადას შტურმით აღება სცადეს, თუმცა, მათი შეჩერება პოლიციამ შეძლო. დაახლოებით 3 000 დემონსტრანტი რადას მიერ დეცენტრალიზაციის შესახებ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს.