პრეზიდენტის ვეტოზე დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

პრეზიდენტის ვეტოზე დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს საკითხზე დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელებენ, დაძლევს თუ არა პარლამენტი ვეტოს და როდის იქნება სესიაზე აღნიშნული საკითხი განხილული.

"17:00 საათზე გვაქვს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. უკვე ხვალ  ფრაქციის ფორმატში შევიკრიბებით და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული და თან რაც შეიძლება სწრაფად, რათა კანონი შევიდეს ძალაში, დროულად მოხდეს ახალი სააგენტოს ხელმძღვანელის დამტკიცება. აქედან გამომდინარე კი, ეროვნული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობის მეტად უზრუნველყოფა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს არ იზიარებს, რამდენადაც  უპირისპირდება ამ კანონის მთავარ იდეას, კერძოდ, იმას, რომ საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში აღარ იყოს, ეროვნულ ბანკში შენარჩუნდეს, თუმცა მაქსიმალური ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხით.