დღეს მედია თავის კრიტიკაში, შეფასებებში უპრეცედენტოდ თავისუფალია

დღეს მედია თავის კრიტიკაში, შეფასებებში უპრეცედენტოდ თავისუფალია

დღეს მედია თავის კრიტიკაში, შეფასებებში უპრეცედენტოდ თავისუფალია და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ასეც დარჩეს , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და "იმედზე" რამდენიმე გადაცემის დახურვის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დღეს მედია არის უპრეცედენტოდ თავისუფალი.

"დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს არ ეშინია ხელისუფლების, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლების და ყველა არის თავისუფალი, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და რაც მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ "რუსთავი 2" აგრძელებს მაუწყებლობას, რომ ის თავისუფალია თავის შეფასებებში და ეს ასეც გაგრძელდება.

"რაც შეეხება სამართლებრივ დავას ყოფილ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების თემა და მათ შორის არც ჩემი საქმე. იმედი მაქვს, სასამართლო, რომელიც სხვებთან ერთად მე გავათავისუფლე სამი წლის წინ, მიიღებს პირუთვნელ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩემი თემა. ეს მესამე ხელისუფლების – მოსამართლის თემაა", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედში " შექმნილ ვითარებას, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინგა გრიგოლია, როგორც ჟურნალისტი არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს იმავე, ან სხვა არხით მოსახლეობას დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს.

"რაც შეეხება ქალბატონი ინგას გადაცემის შეჩერებას თუ დახურვას, მე არ ვარ ჩახედული ამ თემაში, მაგრამ აქაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჟურნალისტი ის არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს გაგრძელება იმავე, თუ სხვა არხზე როგორც თავად გადაწყვეტს, რომ მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის აქ მთავარი, დანარჩენი სარედაქციო პოლიტიკაში, თუ რას გადაწყვეტს "იმედის" ხელმძღვანელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის სქმე არ არის, მათ შორის არც ჩემი და ძალიან კარგია, რომ ეს ასეა", - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ის ვერ იტყოდა, რომ დღეს ზეწოლაა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მედიაზე. პირიქით, იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეს მედია თავის კრიტიკაში, თავის შეფასებებში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი.

"მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ასეც დარჩეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.