პროდუქტი, რომელსაც "იმედი" 6 თვის შემდეგ შემოგვთავაზებს, იქნება გარკვეული დასკვნა, თუ რა მოხდა რეალობაში, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აშკარად გამოჩნდა გუნდი, რომელიც ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული როგორც შუალედური არჩევნების ბოიკოტის, ისე მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები. ვოლსკის თქმით, მათი მიზანია სურათის შექმნა, თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.
რაც შეეხება კონკრეტულად "იმედზე" ორი გადაცემის დახურვას, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის თაობაზე ვერსიების დაშვებაც კი არასწორია.
"ბევრი ბრალდება არსებობს ისეთი, რომელსაც პასუხი არ უნდა გასცე. ნებისმიერი ნაბიჯი მედიის შეზღუდვის მხრივ ნებისმიერ ხელისუფლებას უხერხულ პოზიციაში ჩააყენებს და ასეთი მაგალითი საქართველოს ისტორიას ბევრი ჰქონია. ჩემი აზრით, "რუსთავი 2", როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ნაწილი პროპაგანდისტული ბრძოლის ველზე უფრო დახვეწილია, ვიდრე იგივე ის პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც დაიხურა. ამ 6 თვის მანძილზე, "რუსთავი 2"-ს პრაქტიკულად მთლიანად ექნება დათმობილი საკონკურენციო ველი. მე მგონია, პროდუქტი, რომელსაც "იმედი" შემოგვთავაზებს, იქნება სწორედაც რომ გარკვეული დასკვნა იმის თაობაზე, რა მოხდა რეალობაში. მანამდე კი, კონკურენტი აღარ არსებობს საინფორმაციო ველზე და ბურთი და მოედანი "რუსთავი 2"-ს დარჩა. მეორე შედეგი მივიღეთ ის, რომ ინდმეწარმის დონეზე მყოფ პარტიებს თუ სხვებს მიეცათ საშუალება, ახალი შეტევა მიიტანონ ხელისუფლებაზე, რომელსაც სწორედ მედიათავისუფლების სფეროში ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ ამ შედეგიდან გამომდინარე შეუძლია ყველას, გააკეთოს დასკვნა, თუ ვის აწყობდა "იმედზე" თოქ-შოუს დახურვა.