პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილება პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები გაზრდილს პენსიას 160 ლარის ოდენობით მიიღებენ.
"პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პენსიებთან დაკავშირებული ცვლილება და ასაკით პენსიონერები, რომელთა პენსიები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა კიდევ უფრო იმატებს და გახდება 160 ლარი, ანუ მომავალი თვის 15 რიცხვიდან, როდესაც დაიწყება პენსიების გაცემა, ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას. რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს მთლიან ოდენობაში ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისი თქმით, პენსიონერებისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს საუკეთესო სამედიცინო დაზღვევის პაკეტი.
"ამის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია პენსიონერთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რაც აისახება იმაში, რომ ზოგადად პენსიის მიმღებთა საერთო რიცხვი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლიწადნახევრის განმავლობაში პენსიის მიმღებთა ოდენობა ნაცვლად 686 ათასისა, დღეისათვის უკვე არის 703 ათასზე მეტი, ანუ პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 17 ათასით", - განაცხადა სოფრომაძემ.