სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა საპატიმროში რაიმე პრივილეგიით არ სარგებლობენ და ვერც ისარგებლებენ.
როგორც მინისტრმა გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები იმავე უფლებებით სარგებლობენ საპატიმროში, როგორც სხვა ყველა დანარჩენი მსჯავრდებულები.
კახიშვილის თქმით, მსჯავრდებულებს კომპიუტერით სარგებლობის უფლება კანონით აქვთ, თუმცა ინტერნეტით ისინი არ სარგებლობენ. მისივე განმარტებით, დღევანდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა პატიმარი თანაბარ პირობებში იხდის სასჯელს და პრივილეგიებით არავინ არ სარგებლობს.
„ახალაიას, მერაბიშვილს და უგულავას აქვთ და ექნებათ ყველაფერი, რაც კანონით ეკუთვნით, მაგრამ არა აქვთ და არ ექნებათ არაფერი, რაც კანონით არ ეკუთვნით! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პატიმრობაში მყოფი კრიმინალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩადგნენ და ისეთი უფლებებით ისარგებლონ, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული! რაც შეეხება ტელევიზორს და კომპიუტერს, საპატიმროში ეს ნებართულია და ის წარმოადგენს წახალისების ფორმას იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც კარგად იქცევიან! კომპიუტერის ქონა პატიმრებისთვის ნებართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი საკუთარი სისხლის სამართლის საქმის მასალებს ეცნობა, მაგრამ არცერთ დაწესებულებაში, არცერთ მსჯავრდებულს ინტერნეტით სარგებლობის უფლება და საშუალება არ აქვს! ისინი, როგორც ყველა მსჯავრდებული, ჩვეულებრივ პირობებში იმყოფებიან!
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე რა უნდა ილაპარაკონ, როცა მათი ამოცანა ციხეებში ადამიანების რესოციალიზაცია კი არა, მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება იყო! დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისა და იქ არსებული მდგომარეობის გაცნობის საშუალება სამოქალაქო სექტორის ბევრ წარმომადგენელს აქვს და ე.წ. მაყურებლებს, აზარტულ თამაშებსა თუ ე.წ. ობშიაკს ადგილი რომ ჰქონდეს, მერწმუნეთ, მათი მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. რაც ამასთან დაკავშირებით გვესმის, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“, – აცხადებს კახა კახიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.