ლევან გვაზავა ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გვაზავას ოჯახის ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ოჯახს და ახლობლებს ექიმისგან აქვთ ინფორმაცია, რომ გვაზავას მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება საქმის ვითარებას, ადვოკატი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმე აღძრულია ოქროყანაში მომხდარ ფაქტზე, რომლის შედეგადაც რევაზ კალომლეწავი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გვაზავას მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.
"საქმის მასალებს არც გავცნობივარ, რადგან საქმე აღძრულია ფაქტზე და არა ლევან გვაზავას წინააღმდეგ. დაველოდებით გვაზავას გამოჯანმრთელებას და ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც აღწერს რა მოხდა ადგილზე. თუ საჭიროება იქნება, ჩავერთვები საქმეში", - განაცხადავ ადვოკატმა.
პროკურატურის ინფორმაციით, 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი ,,Mercedes ML"-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან - ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა"-ში.