"კავკასუს ონლაინის" ინტერნეტკაბელის შეძენით აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერია დაინტერესებული

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტკაბელის შეძენით აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერი "აზერონლაინია" დაინტერესებული.

გაზეთი "კვირის პალიტრა" "კავკასუს ონლაინის" გაყიდვის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გაზეთს სარწმუნო წყარომ აცნობა, არანაირ შერწყმაზე "სილქნეტსა" და "კავკასუსს" შორის საუბარი არ არის და ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ორ ნაწილად იყოფა - საცალო აბონენტებს "მაგთი" წაიყვანს, "სილქნეტს" კი "კავკასუსის" ყველაზე დიდი სიმდიდრე, 1200-კილომეტრიანი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი დარჩება.

"ის შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. ამ კაბელით "კავკასუს ონლაინი" სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში - 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის დაინტერესება არც არის გასაკვირი - სრულად დატვირთვის შემთხვევაში ამ კაბელს დიდი მოგების მოტანა შეუძლია და ამასთან ერთად, აზერბაიჯანზე იქნება დამოკიდებული სომხეთში ინტერნეტმიწოდების 85% და ინფორმაციის ამდენივე ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის შეძენით, აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერი "აზერონლაინია" დაინტერესებული. ამ ქვეყნის მსხვილი კომპანიების უმეტესობის მსგავსად, ის ხელისუფლებასთან ასოცირდება", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე "კავკასუსის" შეძენასთან დაკავშირებით, "მაგთისა" და "სილქნეტის" გარდა, კომისიაში სხვა განაცხადი არ შესულა.

გაზეთ "კვირის პალიტრის" შეკითხვები "აზერონლაინის" დაინტერესებასთან დაკავშირებით "კავკასუსში" უპასუხოდ დატოვეს, თუმცა კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, მის პარტნიორებს განზრახული აქვთ მოლაპარაკებების წარმართვა როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან.

როგორც გაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე - ალიევების ოჯახთან დაკავშირებული კომპანია, ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, აზერბაიჯანელები "კავკასუს ონლაინის" მაშინდელ მფლობელ ­ მამია სანადირაძეს კაბელის 50%-ის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულს სთავაზობდნენ, თუმცა ბიზნესმენს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა, ამ კაბელით ინტერნეტი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც მიეწოდებინა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს სანადირაძის კომპანია სააკაშვილთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა და ის დღემდე იბრძვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, დღეს კი კომპანიასა და მის კუთვნილ კაბელს ახლანდელი მფლობელები, ხვიჩა მაქაცარია და ძმები ყარამანიშვილები ყიდიან. ამ კაბელის შესყიდვით დაინტერესებული კიდევ ერთი პირი "სილქნეტის" მფლობელი გიორგი რამიშვილია, რომელსაც ფართო საზოგადოება "ზარალას" სახელით იცნობს.

"სილქნეტისთვისაც" ხელსაყრელია, ინტერნეტის საკუთარი წყარო ჰქონდეს, რადგან კომპანია მას დიდწილად თურქული სახელმწიფო კომპანიისგან ძვირად ყიდულობს. არის კიდევ ერთი დეტალი. ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით არა მარტო ინტერნეტი, არამედ სატელეფონო მომსახურებაც მიეწოდება. ორი მხარის დაინტერესების შემთხვევაში კი არსებობს აპრობირებული სქემები, რომლითაც საზღვარგარეთ განხორციელებული ზარების კონტროლი შეუძლებელი ხდება. ერთია, რომ ვერავინ აღრიცხავს მათ ღირებულებას და შესაბამისად, ვერც დაბეგრავს, მეორე მხრივ კი, კომუნიკაციის ასეთი "ხვრელები" საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, კაბელი სატელეფონო ზარების მოსმენის შესაძლებლობას იძლევა", - ნათქვამია სტატიაში.