"ცხოველთა დაცვის ფედერაცია" ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტზე განმარტებებს აკეთებს. როგორ "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის თავმჯდომარემ, თემურ ლაჭყეპიანმა განუცხადა, სხვადასხვა ქვეყნის 10 წარმომადგენელი ცხოველების დატყვევებას აპროტესტებდა, რა დროსაც ბათუმის დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. მისივე განმარტებით, ცხოველთა დამცველს პილპილის შემცველი ნივთიერება ჰქონდა, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოიყენა. თემურ ლაჭყეპიანის თქმით, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
"ჩვენ ვაპროტესტებდით ცხოველების გამოყენებას ექსპლუატაციის მიზნით. იცით, რომ ხდება ცხოველის დატყვევება მისთვის უჩვეულო გარემოში. თავდაცვის მიზნით ჩვენს აქტივისტს ჰქონდა წიწაკის შემცველი ნივთიერება. როცა დაცვის თანამშრომლები სცემდნენ ცხოველთა დამცველს, მან თავდაცვის მიზნით გამოიყენა ეს საშუალება და მოიგერია ის პირი, ვინც მას სცემდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების 10 წარმომადგენელი, მათ შორის, ბელორუსის, თურქეთის, რუსეთის, ირანის ცხოველთა უფლებების დამცველები ვიყავით მისული ლოზუნგებით "თავისუფლება ცხოველებს", "ჩვენი განწყობა - მათი წამება". დაცვამ გვცემა, შემდეგ პოლიცია მოვიდა და ახლა განყოფილებაში მიმდინარეობს დაკითხვა", - აღნიშნა თემურ ლაჭყეპიანმა.
ბათუმის დელფინარიუმში დღეს 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დელფინარიუმის შოუს წამყვანმა და პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა, ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ დელფინები ციხეში არიან ჩაკეტილები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფი დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუში დაახლოებით 16:00 შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი, (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია) ისინი შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოკსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.
დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი.
დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას.
დელფინარიუმის ბინადრები და ზოგადად "6 მაისის პარკში" არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას!
ცნობისათვის, შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.