მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე ეს იყო 2007 წელს

მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე ეს იყო 2007 წელს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე ტელეკომპანია "იმედის" მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ საღამოს, ტელეკომპანია "იმედმა" ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება 2016 წლამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ. 
"შეიძლება ითქვას, რომ მედიის დამოუკიდებლობის - სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს.

2007 წელს ტელეკომპანია "იმედი" არ დაემორჩილა რა ხელისუფლების სურვილს და მცდელობას გაეკონტროლებინა ამ მედიასაშუალების პროფესიული საქმიანობა, ხელისუფლება იძულებული გახდა სპეცრაზმებით შეჭრილიყო "იმედში" და ძალით გაეჩერებინა ტელევიზია. ხელისუფლების ამგვარ ძალადობას მოჰყვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მყისიერი რეაგირება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად, რაც მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო დონეზეც. შესაბამისად, მაშინდელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სიტყვის თავისუფლების ხელყოფისათვის.
დღეს კი, როგორც ვხედავთ, ხელისუფლების კონტროლი მედიაზე ჩვენს ქვეყანაში, მედიამფლობელების თვითკონტროლის ხარისხშია აყვანილი - ტელეკომპანია თავად აცხადებს უარს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე და ეს ხდება წინასაარჩევნო წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის რეიტინგის გაზრდა, რისკენაც ბუნებრივად უნდა ისწრაფვოდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, სწორედ ამ სახის გადაცემებზეა დამოკიდებული.

ამგვარად, დემოკრატიის განვითარება ჩვენს ქვეყანაში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რამდენადაც ხდება დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს ისეთი ფუნდამენტური ღირებულების ხელყოფა, როგორსაც მედიის დამოუკიდებლობა - სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს.

იმედი მაქვს, ტელეკომპანია "იმედის" მეპტრონეები სათანადოდ შეაფასებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაუწყებლობის ფართო არეალის მქონე, პოპულარულ ტელეკომპანიას აკისრია ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, შეცვლიან გამოცხადებულ პოზიციას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც ზიანს მიაყენებს როგორც თავად ტელეკომპანიის რეიტინგს, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას. ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს სჭირდება რაც შეიძლება მეტი სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად, რასაც სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის და ძალზედ სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია "იმედი" გამოაკლდება ასეთ მედიასაშუალებათა ისედაც მცირერიცხოვან ჩამონათვალს ჩვენს ქვეყანაში", -ნათქვამია შალვა შავგულიძის განცხადებაში.

ტელეკომპანია "იმედმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "იმედი" საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქშოუებს დროებით აჩერებს. 

"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.

ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.