ლევან კობიაშვილის საპრეზიდენტო განაცხადი

ლევან კობიაშვილის საპრეზიდენტო განაცხადი

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ოფიციალურ საარჩევნო კამპანიას 31 აგვისტოს იწყებს.

„ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონულ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ასევე, როგორც კანდიდატი, ჩემი ოფიციალური დარეგისტრირება მოხდება და ბოლოს მექნება შემაჯამებელი შეხვედრა ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელთან. მე მინდა მათ იცოდნენ თუ რას ვაპირებ, რას გავაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის და როგორია ჩემი ხედვა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის. ასევე, სრულიად გახსნილი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის და სრულიად საქართველოსთვის. ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი მომავლის შექმნას“, - უთხრა მედიას კობიაშვილმა, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და კარიერის საუკეთესო წლები გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 3 ოქტომბერს აირჩევენ. კობიაშვილის გარდა, ამ პოსტზე არჩევის სურვილი სფფ-ის გენსეკ რევაზ არველაძეს, უეფას მედიაოფიცერ მამუკა კვარაცხელიასა და ფედერაციის ექსპრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას აქვთ.