არველაძემ საარჩევნო ხმები ახლობლებს ჩამოურიგა

არველაძემ საარჩევნო ხმები ახლობლებს ჩამოურიგა

„ჩემი ფედერაციის საარჩევნო ხმა რევაზ არველაძესია. მე მისი თანამშრომელი ვარ და არასწორად მოვიქცევი, თუ სხვა არჩევანს გავაკეთებ. არ მინდა, წლები რომ გავა, ჩემმა შვილიშვილებმა თქვან, მოღალატე ბაბუა გვყავდაო“, - ასეთი გულისამაჩუყებელი ფორმით დაუჭირა მხარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ვალერი მანაგაძემ, რომელიც იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცია. არველაძე 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს და აქტიურ წინაარჩევნო კამპანიას ატარებს.

იგი ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდით მოქმედებს და საარჩევნო ხმის მქონე პირებად ისეთი ხალხი შეუგულებია, რომლებიც მისი უახლოესი გარემოცვის წევრები არიან. მაგალითად, ოთარ კორღალიძე, რომელიც იმერეთის ფედერაციის ნაცვლად მისცემს ხმას, გოჩა ტყებუჩავა, რომელიც იგივე უფლებით გურიის ფედერაციამ აღჭურვა, და რაც მთავარია, რევაზ არველაძის ძმა არჩილი, რომელიც ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ხმას გამოიყენებს.

რეგიონული ფედერაციები (სულ 13-ია) ტრადიციულად, ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელობას უჭერენ მხარს. საარჩევნო კანონმდებლობა კი ისეთია, რომ კანდიდატს, რომელიც ფედერაციის უცვლელი „ხერხემლის“ ნაწილი არ არის, გამარჯვების შანსი არ აქვს.

საარჩევნო სუბიექტებს, მათ შორის კი რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტებს რევაზ არველაძისგან პატივისცემა არ აკლიათ. ამის ბოლო შემთხვევა მაისში იყო, როცა გენერალურმა მდივანმა ფედერაციის ხარჯით ეს პატივცემული ხალხი ვარშავაში, ევროპის ლიგის ფინალზე დასასწრებად ამოგზაურა.

 https://www.youtube.com/watch?v=9b9QgK0e6dM&feature=youtu.be