ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს

ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა რიგითმა სპეცრაზმელებმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს. ყველა მათგანი სასამართლოს დარბაზიდან მოქმედი სპეცრაზმელების, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდნენ. 7 ბრალდებულს თავდებში 7 მოქმედი სპეცრაზმელი ჩაუდგა.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, რომელიც სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ, პატიმრობის შეცვლის შესახებ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ვინაიდან ამ საქმეზე დაკითხულია შვიდივე მათგანი და გამოკვლეულია მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, აღარ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამ მოტივით პროკურატურა დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, კომენტარი გააკეთა ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა იაგო სოხაშვილმა, რომლის თქმითაც, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტებს. თუმცა, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულების მიმართ დადგება გამამართლებელი განაჩენი, რადგან არც ერთი მათგანი კორტების სპეცოპერაციის ირგვლივ დამნაშავე არ არის.

ამ დროისათვის ყველა ბრალდებულთან მიმართებაში ძალაში რჩება განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, რომლის საფუძველზეც 7 სპეცრაზმელი დააკავეს და მიმდინარე წლის 4 თებერვალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას შეუფარდეს.

სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობის წაკითხვისას ბრალდებულების ადვოკატმა უშანგი მგელაძემ ერთ-ერთ გარემოებად, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფები უნდა გათავისუფლდნენ, დაასახელა მათ მიერ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენებები.

დაცვის მხარის შუამდგომლობის განსახილველად დღეს სასამართლომ სპეციალური სხდომა ჩანიშნა. ე.წ. რიგითი სპეცრაზმელების საქმეზე სხდომა ჩანიშნული იყო 7 სექტემბერს 15 საათზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ადვოკატებმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს, მოსამართლემ სხდომა დღეისათვის ჩანიშნა.