ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი არის პირდაპირ აღიარება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეს და არა სამართლებრივად დასაბუთებული.
„მეორე საკითხია, ის, თუ რაზე სურს ევროკავშირს რომ საქართველომ იმუშაოს. აქ არის პუნქტები, რომელზეც მიდის პერიოდულად მუშაობა და პარლამენტმა საგაზაფხულო მოწვევის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. მაგალითად საკითხი მიგრაციასთან დაკავშირებით; იცით რომ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, იმისთვის, რომ შეიზღუდოს უკანონო მიგრაცია, შეიზღუდოს თავშესაფრის უკანონო მოთხოვნის საკითხები, ეს მნიშვნელოვანი მომენტია და კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან. გავამკაცრეთ მათ შორის დეპორტაციის შესაძლებლობები და სხვათა შორის ზოგიერთი ოპოზიციიდან, ამის წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრძოლას, ამ მხრივაც ხედავთ მათ შორის ახალ ნარკოპოლიტიკას. კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების მხრივაც ვხედავთ. ანუ, აქ არის ტექ. საკითხები, რომელიც არის საკანონმდებლო პოლიტიკის ნაწილი და რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან არის პირდაპირ კავშირში, ამაზე მიდის მუშაობა და ამაზე ანგარიშებიც მიწოდებული გაქვს ევროკავშირისთვის. თუმცა, ჰოი საოცრებავ და აღმოვაჩინეთ საკითხები, რომელიც არანაირი კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან არ არის.
ჩახედეთ რომელ ქვეყნებთან აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირს, ანუ რომელ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროკავშირში სხვადასხვა კონტინენტიდან და შეადარეთ საქართველოს რითაც გინდათ, გინდათ გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით თუ ნებისმიერი სხვა უფლებების განხორციელებით. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პირველ ორ პუნქტად ჩამატებულ საკითხს, რომელიც ეხება მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას და გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას და ლგბტ უფლებების უზრუნველყოფას, ფაქტია რომ ეს არის ჩვეულებრივი საბაბი, იმისთვის რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ საქართველოში და ამისთვის გამოიყენონ ვიზალიბერალიზაცია, როგორც იარაღი. საუბარია იმაზე, რამდენადაა ეს კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან, შეიძლება რაღაცა არ მოსწონთ, მაგრამ ამის გამო ევროკავშირის ბაზარზე ღვინის შეტანის ლიმიტები რომ შეზღუდონ, ეს ხომ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, იმისთვის რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ. ამიტომ, ეს არის ამ საკითხთან აბსოლუტურად ხელოვნურად დაკავშირებული თემები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.