გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას წარდგენილ სასჯელზე ერთი მეოთხედი მოაკლდებათ. როგორც მხარეების წარმომადგენლებმა განმარტეს, მუხლი , რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, ამნისტირებულია. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლი სასჯელად 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების განმარტებით, ამნისტიის საფუძველზე კი, თუკი ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, ორივე ბრალდებულს სასჯელის ერთი მეოთხედი მოაკლდებათ. ამასთან, კობა ხარშილაძე, სხვა საქმის, კერძოდ, გრინსერვისის საქმის ფარგლებში პატიმრობაში იმყოფება და ორწლიანი რეალური სასჯელი, ხოლო ორწლიანი პირობითი მსჯავრი აქვს მისჯილი. გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა საქმეზე მისმა სასჯელმა ახალი სასჯელი შთანთქოს. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში რა სასჯელი განესაზღვრება კობა ხარშილაძეს.