არავის უცდია ზურაბ ჟვანიას სახელის ლაფში ამოსვრა და კობა ხარშილაძემ თავის განცხადებით, საკუთარ თავს ავნო, - ამის შესახებ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ხარშილაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟვანიას გარდაცვალება მოხდა უბედური შემთხვევის შედეგად და ხარშილაძე და ძაძამია აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან.
რაც შეეხება კობა ხარშილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მან სამი დღის წინ დაკითხვისას გააკეთა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა ეს გადაწყვიტა, რათა ყველა ეჭვს, რომელიც არსებობს, პასუხი გაეცეს.
"არავის უცდია ჟვანიას სახელის ლაფში ამოსვრა. თუ ვინმეს ზიანი მიადგა, ეს კობა ხარშილაძე იყო მის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელმაც საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია. კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას დღემდე თვლის მეგობრად და ამბობს, რომ მასთან ვალშია, მაგრამ ამ ადამიანებს სხვა გზა არ დაუტოვეს. რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებამდე კობა ხარშილაძეს ამ თემაზე არ უსაუბრია, თუმცა გადაწყვიტა იმიტომ, რომ რაც ეჭვებია დარჩენილი, თითქოს ამათ ვინმეს ხელი შეუწყვეს, ანუ მოკლეს, პასუხი გაეცეს. ყველაფერს პასუხი იმიტომ უნდა გაეცეს, რომ ნახევარი სიმართლე სიმართლე არ არის, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მან ნაფიც მსაჯულებს შეახსენა დაცვის მხარის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები და აღნიშნა, რომ არსებობს ყველა მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების უდანაშაულობას ადასტურებს.
ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის დასრულებამდე ნაფიც მსაჯულებს მიმართა თხოვნით, რომ სათათბირო ოთახში გასვლის დროს რამდენიმე გარემოება გაითვალისწინონ. კერძოდ, გაითვალისწინონ, როგორი პიროვნება იყო ზურაბ ჟვანია და ეყოლებოდა თუ არა მას გულგრილი პირები საკუთარ დაცვაში და ასევე გაითვალისწინონ რას წარმოადგენდა თავად ზურაბ ჟვანია ბრალდებულ ხარშილაძისთვის და ძაძამიასთვის.
ბექა ბასილაიას თქმით, დასაცავი პირის მოთხოვნის შესრულება არ შეიძლება იყოს დასჯადი ქმედება და ამის გამო არ შეიძლება დაისაჯონ დაცვის წევრები, რომლებმაც დასაცავი პირის მოთხოვნა შეასრულეს.
პროცესზე ამ წუთებში ერთსაათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც საბოლოო სიტყების თქმის საშუალება მიეცემათ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს, კობა ხარშილაძეს და დაცვის ცვლის ყოფილ უფროსს, მიხეილ ძაძამიას, რომლებიც სამსახურებრივ გულგრილობაში არიან ბრალდებული. დღეს მათ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს მიიღებენ.