"თუ ვინმე გასაშვები იყო, ბატონმა ვახტანგმა ამაზე უკვე იზრუნა"

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სამინისტროში საკადრო გადაადგილებები იგეგმება, თუმცა, სამსახურს არავინ დაკარგავს.

მინისტრის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უწყებიდან გასაშვები იყვნენ, მისმა წინამორბედმა ვახტანგ გომელაურმა დაითხოვა.

რაც შეეხება მოადგილეების შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც მინისტრი აცხადებს, ისინი თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დაინიშნენ.

"ეს ადამიანები მუშაობდნენ უწყებაში. კრიტერიუმები მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ეს არის პროფესიონალიზმი, თავისი საქმისადმი ერთგულება და ქვეყნის სიყვარული. ჯერჯერობით პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტურია, მის ვინაობას უახლოეს დღეებში გაიგებთ. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, მოხდება გარკვეული გადაადგილებები, მაგრამ მინდა დავაზუსტო, რომ სამსახურიდან არავის დათხოვნას არ ვაპირებ. ჩემი წინამორბედი ბატონი ვახტანგი ჩემი მეგობარია, ერთი გუნდის წევრები ვართ, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს, ერთი ხედვა გვაქვს და მგონი რადიკალურად არ განსხვავდება. თუკი ვინმე გასაშვები იყო, ბატონმა ვახტანგმა ამაზე უკვე იზრუნა და გაუშვა", - განაცხადა მღებრიშვილმა