ორი დღის წინ გამოცემა “Rolling Stone” ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს სერ პოლ მაკარტნის ესაუბრა და მისი მომავალი გეგმებით დაინტერესდა.
მიმდინარე წელს მაკარტნის დაბადებიდან 70 წელი უსრულდება. ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას მუსიკოსმა რწმენა გამოთქვა, რომ დიდ სცენაზე გამოსვლას 80 წლის ასაკშიც შეძლებს.
“საპატიო ასაკის მიუხედავად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გაგიკვირდებათ და ყოველდღიურად სულ ახალი იდეები მებადება. ხშირად მესმის, რომ გზა ახალგაზრდა მუსიკოსებს უნდა დავუთმოთ. ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. მათ საკუთარი საქმე აკეთონ, მე კი ამ ცხოვრებაში ჩემი გზით მივდივარ. პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. სანამ ძალა და ენერგია გამაჩნია მას ვერ ვუღალატებ. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, 80 წლის ასაკშიც დიდ სცენაზე გიტარით ხელში მიხილავთ.” – განაცხადა სერ პოლმა.