„ხელისუფლებას რეპუტაცია გირგვლიანის შემდეგ არ ჰქონდა, ხოლო 7 ნოემბერმა წერტილი დაუსვა“

„ხელისუფლებას რეპუტაცია გირგვლიანის შემდეგ არ ჰქონდა, ხოლო 7 ნოემბერმა წერტილი დაუსვა“

ვენეციის კომისიის დასკვანა, რომელიც 15 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, ფორსირებულად, 8 ოქტომბერს, პროექტის სახით უკვე გამოქვეყნდა. ვერ ვიტყვით, თითქოს საზოგადოებას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება გაიზიარებდა უცხოელი კომპეტენტური კონსტიტუციონალისტების რეკომენდაციებს, მაგრამ იმის მოლოდინი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ხელისუფლების სულსწრაფობას – რეაქტიული სიჩქარით განეხილა და დაემტკიცებინა ახალი კონსტიუცია, ვენეციის კომისია მიიღებდა რეკომენდაციად და თავად დააჩქარებდა დასკვნის გამოქვეყნებას, თუნდაც პროექტის სახით.

 

მეორე უცნაურობა ის იყო, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნაში გაკვრითაც კი არ ისაუბრა იმ ეჭვებზე, რასაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესშივე ახმოვანებდა არასაპარლამენტო ოპოზიცია. ვენეციის კომისიის მხრიდან ფაქტის უგულებელყოფას „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. სანამ დეტალებზე ვისაუბრებთ, რა და რა კონტექსტში იყო ნათქვამი, მანამ ერთ გარემოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას – დღეს სახელისუფლებო მედია სიხარულით იუწყებოდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვენეციის კომისიას აკრიტიკებდა.

 

კონტექსტი ასეთი იყო – „ხედავთ სადამდე დაეცნენ?“ მიზეზი – კიდევ ერთი პარტიის მარგინალიზაციის მცდელობა, შეფუთვა – ჩვეულებრივი, ისეთი, ნაციონალურ არხებს რომ ახასიათებთ. სინამდვილეში რას საყვედურობენ „თავისუფალი დემოკრატები“ ვენეციის კომისიას, შევეცადეთ თავად თეა წულუკიანისგან შეგვეტყო.

 

თქვენმა განცხადებამ ნაციონალური არხების სერიოზული ინტერესი გამოიწვია, რით დაიმსახურა თქვენი კრიტიკა ვენეციის კომისიამ?

– არ ვიცი, კარგად ვერ წაიკითხეს თუ რატომ იყო, მაგრამ ჩემს განცხადებას სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა. მე ვთქვი შემდეგი რამ: როდესაც ვენეციის კომისიამ გვთხოვა შეხვედრა, ჩვენ დიდი სიხარულით ვეწვიეთ, რადგან როგორც მივხვდით არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრიც აინტერესებდათ. ამ დასკვნის კითხვისას კი, არ ჩანს ის წუხილი (მე არ მაქვს საუბარი იურიდიულ მოსაზრებებზე), რაც ჩვენ გადავეცით – რომ ეს მმართველობის მოდელი იქმნება ერთი პიროვნებისთვის და ერთი კონკრეტული პარტიისთვის, რაც არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი საზოგადოების წუხილია. ეს წუხილი კი დასკვნაში ფაქტის კონსტატაციის ფორმითაც კი არ არის. იქ წერია, რომ ისინი ჩვენ შეგვხვდნენ და მეტი არაფერი.

 

სხვა პარტიების შენიშვნები თუ იყო ასახული დასკვნაში?

– იმ სხდომას მეც ვესწრებოდი, „ახალი მემარჯვენეები“ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ და საკმაოდ კვალიფიციური პოზიცია ჰქონდათ განხილვის პროცესში. მაგრამ, გაითვალისწინეს თუ არა მათი მოსაზრებები, ეს უმჯობესი იქნება მათ ჰკითხოთ.

 

მე ვამბობ მარტივ რამეს – როდესაც ვენეციის კომისია ჩამოდის და ხვდება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მის დასკვნაში, თუნდაც შესავალში არ აისახოს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას აწუხებს ეს და ეს, მე ამან ცოტა გამაოცა და ეს ვთქვი. საერთოდ, ვენეციის კომისიის უფლებამოსილებები რა არის მე შესანიშნავად მესმის, რადგან 10 წელი ევროსაბჭოს ვემსახურე. ამიტომ, მათ ვერ მოვთხოვდით, რომ ჩვენი რაღაც კონკრეტული შეთავაზებები რეკომენდაციებად ექციათ, რადგან მათ ამის უფლებამოსილება არ აქვთ. თუმცა, მათ რომ ჩაეწერათ – ოპოზიციას აქვს გარკვეული ეჭვები, ვფიქრობ კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის.

 

თუ ოპოზიციის აზრი დასკვნაშიც არ აისახებოდა, რა საჭირო იყო მათთან ეს შეხვედრა?

– მე მგონი, ეს იყო ჯანსაღი ინტერესი მათი მხრიდან, რომ შეხვდნენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას, რათა გაეგოთ რას ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენ სიხარულით შევხვდით მათ ინიციატივას და მე პირადად გახლდით ამ შეხვედრაზე, მაგრამ...

 

და მაინც რა იყო ამის მიზეზი?

– დასკვნაში წერია, „რაღაც ვარაუდები არსებობს იმის შესახებ, რომ ეს მმართველობის მოდელი პიროვნულ ძალაუფლებას ხომ არ ამაგრებს, მაგრამ ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის სპეკულაციები გავაკეთოთ ამ ვარაუდების შესახებ“–ო. გასაგებია ისინი რასაც გულისხმობენ, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ ისინი დააკონკრეტებდნენ რას ვგულისხმობდით. ჩვენ კი ვგულისხმობთ:

 

პირველი – გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ კონსტიტუცია იქმნება მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერ–მინისტრებისთვის, რაც ქვეყანის ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთამონაცვლეობის პრინციპს მთლიანად არღვევს და მიგვაქანებს არადემოკრატიული განვითარებისკენ, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში და ამის გამო, მათთან შეხვედრისას წუხილი გამოვთქვი.

 

მეორე: პრემიერ–მინისტრს, რომელსაც დაასახელებს საუკეთესო შედეგის მქონე პარტია (და არა ის პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას), არ აქვს ვალდებულება, რომ მე–2 და მე–3 ადგილზე გასულ პარტიებს შეუთანხმოს მთავრობის შემადგენლობა, ანუ, კოალიციურობის ვალდებულება კონსტიტუციაში არ დევს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ეს იმისთვის ხომ არ არის გაკეთებული, რომ ახალი თაობის მაქინაციებით „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ პარლამენტში მოვიდეს საუკეთესო შედეგით და მერე შექმნან ისეთი მთავრობა, როგორიც დღეს ჰყავთ. ეს არ არის რაღაც იურიდიულ–კონსტიტუციონალისტური დარდები, ეს არის საზოგადოების წუხილი და კარგი იქნებოდა, რომ ფაქტის კონსტატაციის დონეზე ეს დასკვნაში ყოფილიყო ასახული.

 

აქვე მინდა გკითხოთ, თქვენს მიერ ინიცირებულ საკითხს გადამდგარი, ან გადარჩეულ პრეზიდენტს 5 წლით ეზღუდებოდეს მმართველობაში მოსვლა,  ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ იზიარებს. თინა ხიდშელმა ამას უწოდა დამარცხებულის პოზიცია. პრინციპში, გამარჯვებაში დარწმუნებულ ძალას ამის შიში მართლაც არ უნდა ჰქონდეს...

– ჩვენ არ ვართ შეგუებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით მათ დასამარცხებლად. დარწმუნებული ვართ, რაც ირაკლი ალასანიას არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ მათ გადავიყვანთ უმცირესობაში და ისინი თავის თავზე გამოცდიან, რა ძნელია პარლამენტში უმცირესობაში ყოფნა. თუმცა, ჩვენ მათ შევუქმნით სათანადო პირობებს, რომ უმცირესობაში კარგად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.

 

ჩვენ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, უბრალოდ, ჩვენ დათქმა გვინდოდა არა ჩვენი გამარჯვების სრულყოფისთვის, არამედ, მომავალი თაობებისთვისაც, რადგან საქართველო, ამჟამად, პოლიტიკური კულტურის შემუშავების პროცესში იმყოფება და კარგი იქნებოდა თუ, ეს დათქმა, მომავალში ვინც უნდა მოსულიყო უმრავლესობაში, შეუქმნიდა იმის ვალდებულებას, რომ ხელისუფლება დაეთმო სხვა პოლიტიკური ძალისთვის, ანუ მოხდეს ძალაუფლების მონაცვლეობა.

 

როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები რეკომენდაციებს გვაძლევენ, საქართველო ამ რეკომენდაციების, ალბათ, მინიმუმსაც არ ითვალისწინებს. ეს სამომავლოდ როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე?

– ჩვენ თვლით, რომ ხელისუფლება არა თუ უნდა ითვალისწინებდეს, არამედ ზედმიწევნით უნდა ასრულებდეს და რაც მთავარია, უნდა ელოდებოდეს კომისიის საბოლოო დასკვნას, რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა. უცნაურია, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისია აიძულა დაეჩქარებინა დასკვნის დაწერა და არა – პირიქით. შემიძლია ვივარაუდო, რომ კომისიამ შეხედა როგორ ხდებოდა ფორსირებულ რეჟიმში ამ სასიცოცხლო დოკუმენტის პარლამენტის მიერ მიღება და იძულებული გახდა, რომ დასკვნა, რომელიც 15–ში უნდა გამოექვეყნებინა, 8–ში უკვე პროექტის სახით დადო.

 

არა და, ხელისუფლებას ევალება, რომ როდესაც ქვეყანა შედის ევროსაბჭოში, მის სხვადასხვა სტრუქტურას პატივი სცეს და მათი აზრი გაითვალისწინოს. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ ფასადურად გადასცემს პროექტს ვენეციის კომისიას და ის არ აინტერესებს ვენეციის კომისია რას ფიქრობს.

 

რაც შეხება ჩვენი ხელისუფლების რეპუტაციას, მათ ეს რეპუტაცია სანდრო გირგვლიანის შემდეგ არ ჰქონდათ და შემდეგ ამას წერტილი დაუსვა 7 ნოემბერმა. ამიტომ, რომ გითხრათ, ვენეციის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა რაიმე დიდ დარტყმას მიაყენებს ამ ხელისუფლების რეპუტაციას, ეს ასე ვერ იქნება – ამ ხელისუფლებას დემოკრატიული რეპუტაცია აღარ აქვს და რაც აღარ გაქვს იმას დარტყმას ვერ მიაყენებ.