„მოსახლეობის 50% სამწუხაროდ, ჩვენდა სამარცხვინოდ სიღარიბეში ცხოვრობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“

„მოსახლეობის 50% სამწუხაროდ, ჩვენდა სამარცხვინოდ სიღარიბეში ცხოვრობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით უკვე 90 სამრეწველო პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 250 მილიონი ლარია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსპო-ჯორჯიაში“ პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ერთლიანი მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფოს არ შეუძლია ბიზნესს უკეთესი პროექტი შესთავაზოს, ვიდრე „აწარმოე საქართველოშია“.  მისივე თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით განხორციელდა ისევე, როგორც „იაფი აგროკრედიტის“ პროგრამა.

 „სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის „აწარმოე საქართველოში“ ან „იაფი აგროკრედიტი“, რომლის ფარგლებში ჩვენ სესხის მომსახურებას 10%-იან სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს რეალურად 1-2%-ის გადახდა უწევს. ვაძლევთ სახელმწიფო ქონებას, იქნება ეს ქარხანა თუ მიწა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად,  ამის გარდა სახელმწიფო გასცემს ბანკებისთვის გარანტიას 50%-ის ოდენობით. ეს არის უდიდესი ხელშეწყობა. ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაშიც. ჩვენს პირობებში ეს მართლაც უნიკალურია. ახლა საჭიროა მეწარმეების, ბიზნესმენების მხრიდან გააქტიურება. მაშინ, როცა არის სტაბილური გარემო, ბიზნესი ხელშეუხებელია მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნება არსებობს, რომ ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა განვითარდეს და ეკონომიკა გაძლიერდეს, წინ აღარაფერი არ უნდა დაგვიდგეს, საჭიროა გაერთიანება და ერთობლივი ძალებით ეკონომიკის გაძლიერება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე. ჩვენი მოსახლეობის 50% სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ სიღარიბეში ცხოვრობს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო დაიხვეწება და მთავრობა მზად არის კონსულტაციების გამართვისთვის. პრემიერის თქმით, რამდენიმე კომპონენტის დამატებაც იგეგმება იმისათვის, რომ „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაფართოვდეს.

მან პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სახელმწიფო პროგრამების განხორციელეაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა მადლობა გადუხადა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ კომერციულ ბანკებსაც.

„მინდა კომერციულ ბანკებს გადავუხადო მადლობა. რომ არა მათი ჩართულობა ამ პროექტებში, ეს პროგრამები ვერ დაფინანდებოდა. მათი მეშვეობით უკვე 122 მილიონი ლარია გაცემული და ყველანაირი გათვლებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმენბა 5 000 სამუშაო ადგილი. ვსაუბრობ უახლოეს 1-2 წელიწადზე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, კერძო საწარმოებს სახელმწიფო ვერ ააშენებს, ის უნდა ააშენონ ბიზნესმენებმა. პარალელურად პრემიერი ბიზნესმენებს დაპირდა, რომ მათ სახელმწიფოსგან და ბანკებისგან სრული მხარდაჭერა ექნებათ. ამასთან პრემიერმა დასძინა, რომ საჭიროა მეტი გააქტიურება, რესურსების ათვისება და მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან. მან აქვე მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ ყველა ბიზნესმენს.

„მეც ვარ მზად, რომ სამუშაო შეხვედრებში მივიღო მონაწილეობა, რათა მაქსიმალურად დავაჩქაროთ ამ პროგრამების განხორციელება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.