თბილისის მერიაში

თბილისის მერიაში "მომავლის ქალაქის" კონცეფცია განიხილეს

თბილისის მერიაში "მომავლის ქალაქის" კონცეფცია განიხილეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიაში "მომავლის ქალაქის" კონცეფცია (Morgenstadt City) უცხოელ სპეციალისტებთან ერთად განიხილეს. პროექტთან დაკავშირებით თბილისში ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის, "ფრაუნჰოფერის" დელეგაცია იმყოფება. 

დელეგაციის წევრებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები. 

მერიის განცხადებით, შეხვედრაზე პროექტის დაწყების დეტალები და სამუშაო გრაფიკი განიხილეს. უცხოელმა სპეციალისტებმა თბილისის მთავრობის წევრებს სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააცნეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონცეფციაზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დასრულდება. 

"გერმანელ პარტნიორებთან თანამშომლობით ჩვენ "მომავლის ქალაქის" კონცეფციის განხორციელება დავიწყეთ. 2016 წლის თებერვალში გვექნება კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს თბილისი ენერგოეფექტიანობის, პარკირების მართვის, გარე-განათების თვალსაზრისით, ასევე, ტრანსპორტისა და მობილურობის საკითხებში. ეს კონცეფცია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და მას მხარს უჭერს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. პროექტი, ასევე, ხორციელდება "ფრაუნჰოფერის" ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით და უშუალო ჩართულობით", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მერიის ინფორმაციით, პროექტი "მომავლის ქალაქი" თბილისში თანამედროვე, ევროპული სისტემების დანერგვას გულისხმობს. თბილისის მერიასთან ერთად პროექტში ჩართულები არიან ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი "ფრაუნჰოფერი", "სითი ინსტიტუტი - საქართველო", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW).