მეუფე შიო: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა

მეუფე შიო: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა

რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაგებისას.

მეუფემ მორწმუნეებს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი - ღვთისმშობელი.

მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს ქრისტე ღმერთის დედას“, ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.

არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.

მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს - ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა. მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არც ერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსე

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის.

სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: - შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.