ბრიტანული გამოცემა “The Telegraph”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდია “Abbey Road” დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამ სტუდიას თავის დროზე სახელი ლეგენდარულმა ჯგუფმა “The Beatles” გაუთქვა. ლივერპულელი მუსიკოსების არაერთი ცნობილი კომპოზიცია ამ სტუდიაში ჩაიწერა.
მოგვიანებით “Abbey Road”-თან თანამშრომლობდნენ “Pink Floyd”, “Oasis”, Ryan Adams და სხვა მუსიკოს-შემსრულებლები.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მარტში “Abbey Road” - ის კარი ნებისმიერი მსურველისათვის გაიღება. მოეწყობა სპეციალური ორსაათიანი ექსკურსიები, სადაც სტუმრებს სტუდიას დაათვალიერებინებენ.
რასაკვირველია მუსიკის თაყვანისმცემლები მოინახულებენ იმ ადგილსაც სადაც “The Beatles” მსოფლიოში პოპულარულ კომპოზიციებზე მუშაობდა
ექსკურსიის დროს სტუმრებს გააცნობენ ძვირფას ფოტოარქივს და უჩვენებენ სტუდიის მდიდარი ისტორიის შესახებ გადაღებულ ერთსაათიან კინოსურათს. ექსკურსიაზე დასასწრები ბილეთის ფასი 75 ევრო იქნება.