რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლური კლუბების კარებს დაუხურავენ

რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლური კლუბების კარებს დაუხურავენ

მიუხედავად წარსული უთანხმოებისა რუსეთთან, ქართველები თავიანთ ორბიტაზე ბრუნდებიან, - ამ სათაურით აქვეყნებს Washington Post-ი სტატიას საქართველოს შესახებ.

ავტორი საქართველოში რუსული განწყობების ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერების თქმით, რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლური კლუბების კარებს დაუხურავენ.

"რუსეთმა საქართველოში გაზარდა წარმომადგენლობა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ქართულენოვანი ბიუროს გახსნით, ენერგოსექტორსა და სხვა წამყვან სექტორებში ინვესტიციების გაღრმავებით. მსგავსი ქმედებები შეინიშნება სხვა ყოფილი "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული", – აღნიშნულია სტატიაში.

მასალაში ასევე მოყვანილია გიორგი მარგველაშვილის კომენტარიც, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ "სტაბილურობა და უსაფრთხოება ვერ შენარჩუნდება რუსეთის პარადიგმით, რომელიც სხვა ქვეყნებზე განსაკუთრებული უფლებების ფლობას გულისხმობს. რუსეთი მუშაობს საკმაოდ აქტიურად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გავლენების გასაფართოვებლად".

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის წარმომადგენლობის ზრდის მიუხედავად, საქართველო ურყევად რჩება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული. "რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის მიერ უკრაინის მიმართ დაახლოების შესახებ შეთავაზება და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამძვინვარებული რეაქციაა".

სტატიის ავტორი დაახლოებით ერთი თვის წინ გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც საუბრობს და წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმზე უარი უთხრეს, რამაც საქართველოს ლიდერების იმედგაცრუება გამოიწვია.

სტატიაში მოყვანილია ბარაკ ობამას კომენტარიც: "არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან ნატო-ს წევრობის გზაზე. ნატო-ს ამ ეტაპზე გაფართოების შესახებ გეგმა არ არსებობს".

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იზრდება. "რუსები მუშაობენ იმაზე, რომ მსოფლიოს ამ ნაწილზე დომინირება შეინარჩუნოს. ისინი ითვლიან, გეგმავენ და იციან, რომ ეს რეგიონი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის", – ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე Washington Post-თან საუბრისას.

სტატიის ავტორის თქმით, აშშ ცდილობს, ნუგეშისმიმცემი ზომები შესთავაზოს საქართველოს, ასეთია მაგალითად ამერიკელი სამხედროების წვრთნები მაისში. მასალაში მოყვანილია ჟურნალისტ შორენა შავერდაშვილის კომენტარიც: "თანდათან უფრო მეტი ქართევლი ფიქრობს, რომ დასავლეთისგან მათ ხელშესახები ვერაფერი მიიღეს. პუტინისა და რუსეთის მიმართ უფრო მეტი სიყვარული კი არ არის, უბრალოდ ეს არის იმის გაანალიზება, რომ ჩვენ რუსეთის წინაშე პირისპირ დავრჩით და ჩვენ ეს უნდა მოვაგვაროთ".

სტატიაში ასევე მოყვანილია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მხარდამჭერთა რიცხვი 68 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როდესაც გაიზარდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი 31 პროცენტამდე. სტატიის ავტორი საქართველოს პოლიტიკის უახლეს ისტორიასაც მიმოიხილავს, ახსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს, რასაც რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. სტატიაში საუბარია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაზეც, რომელმაც მოსახლეობას პირობა მისცა, რომ რუსეთთან კავშირებს გაუმჯობესებდა და ამავე დროს დასავლეთთან კავშირებს შეუნარჩუნებდა. "მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან დიპლომატიური კავშირები კვლავ დაძაბულია, რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში ძლიერდება", – წერია სტატიაში.

ავტორის თქმით, ამ დროისათვის ყველაზე პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ ყველაზე დიდ იმედს მიზნებისათვის ბრძოლა წარმოადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე პარტნიორებისგან მცირეოდენია მოსალოდნელი.

"არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ეს მარტივი იქნებოდა. ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა, მხოლოდ პუტინის შემდეგ გაჩნდება", – ამბობს ირაკლი ალასანია ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას. თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, დიდწილად მოსალოდნელია, რომ პუტინი ქვეყნის ლიდერი 2024 წლამდე იქნება.