სომხეთში მომიტინგეების ერთი ჯგუფი აქციის შეწყვეტას აპირებს

სომხეთში მომიტინგეების ერთი ჯგუფი აქციის შეწყვეტას აპირებს

სომხეთში სამოქალაქო მოძრაობამ "არა ქურდობას" ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ერთ-ერთმა აქტივისტმა, მაქსიმ სარგსიანმა განაცხადა. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალებს აქტივისტები დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააცნობენ. 

ერევნის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების მეორე ჯგუფი კი საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებს. გავრცელებული ცნობით, ისინი მთავრობას დეტალურ წინადადებებს წარუდგენენ. ერთი კვირის წინ დაწყებული აქციის მონაწილეები ორ ჯგუფად რამდენიმე დღის წინ დაიყო. ერთმა ნაწილმა - მოძრაობამ "არა ქურდობას" პოლიციის მოთხოვნა ბაგრტამიანის გამზირის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა. მეორე ნაწილმა კი, დედაქალაქის ცენტრი არ დატოვა. 

ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს. აღნიშნულს სომხეთის მოსახლეობა უკვე ერთი კვირაა აპროტესტებს. გასულ კვირას საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დააკავეს 237 მომიტინგე. შეტაკებების დროს დაშავდა 20-მდე ადამიანი. დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.