Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის მტკიცებით ხვალ ვებ-გვერდი გამართულად იმუშავებს

Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის მტკიცებით ხვალ ვებ-გვერდი გამართულად იმუშავებს

Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, 30 ივნისს 09:00 საათიდან ვებ-გვერდზე წუთში საშუალოდ 50 მომხმარებელს შეეძლება შესვლა, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი შეიცვალოს.

როგორც ჟურნალისტებს ჩხიკვიშვილმა განუცხადა, ბილეთების ფასი უცვლელი დარჩება, ხოლო მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება.

კითხვაზე, გაუძლებს თუ არა საიტი მომხმარებლის დიდ რაოდენობას, ჩხიკვიშვილმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ საიტი გაძლიერებულია და შეძლებს გამართულად მუშაობას.

„გამომდინარე იქიდან, რომ საიტზე იქნება რიგითობის პრინციპი, როგორც კი მომხმარებელი შეიძენს ბილეთს, ის რიგის ბოლოში გადაინაცვლებს. ამიტომ, აზრი არ აქვს საიტის განახლებას, რაც აქამდე აქტიურად ხდებოდა“, - აღნიშნა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

საიტის ტექნიკური დირექტორის განმარტებით, Biletebi.ge-ზე არსებული ხარვეზის გამო, მათ UEFA-სგან საყვედური არ მიუღიათ. მანვე აღნიშნა, რომ ის გასამრჯელო, რაც UEFA-სგან უნდა მიეღოთ - საუბარია 45 ათას ევროზე, Biletebi.ge-ს ჯერ არ აუღია.