გია სოსანაშვილმა ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქმის განხილვაზე უარი თქვა

გია სოსანაშვილმა ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქმის განხილვაზე უარი თქვა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქმის განხილვაზე უარი თქვა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსანაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გამართა და საქმე არსებით განხილვაზე გადაიცა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა, 13 ივლისს, 12.00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება დღეს გამართულ პროცესს, როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა განაცხადა, სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, რომელიც ჯამში 9 ტომს წარმოადგენს.

პროკურორის თქმით, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა დნმ-სთან დაკავშირებული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ექსპერტიზა კანონის სრული დაცვით არის ჩატარებული.

სოსანაშვილის ადვოკატს, სოსო ჯოგლიძეს კომენტარი პროცესის დასრულების შემდეგ არ გაუკეთებია. სასამართლოს სხდომას იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ესწრებოდნენ დაზარალებულის ოჯახის ადვოკატები.

როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, სოსანაშვილის უარი ნაფიცი მსაჯულების პირობებში, მისი საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარე უფრო არგუმენტირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თეორიულად არ იყო გამორიცხული, რომ სოსანაშვილს ნაფიცი მსაჯულები მოეთხოვა.

ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ იმ საქმეზე, რომელიც პროკურატურას ძიებაში აქვს იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.