პარლამენტში ახალი -

პარლამენტში ახალი - "ლიბერალ-დემოკრატების" ფრაქციის შექმნა იგეგმება

რიგგარეშე სხდომების დასრულებამდე, პარლამენტში შესაძლოა, ახალი ფრაქციის ფორმირება მოხდეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს "ლიბერალ-დემოკრატების" ფრაქცია იქნება , რომელშიც "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ოთხი დეპუტატი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კიდევ უფრო ადრე გამიჯნული მაჟორიტარები გაერთიანდებიან.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია და მის შემადგენლობაში შევლენ: პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ასევე კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი, რომლებიც ამჟამად ფრაქციით - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები", უმრავლესობაში შედიან. როგორც პარლამენტში ითქვა, მოლაპარაკების პროცესი სხვა ყოფილ "ნაციონალ" მაჟორიატრებთანაც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ახალი ფრაქციაში ექვზე მეტი წევრი იყოს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის ფორმატში დაწყებული თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით გაგრძელდება, რაც უკვე საშემოდგომოდ იგეგმება. პარლამენტში ისიც ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების გვერდით შესაძლოა ვიხილოთ ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ კახა ოქრიაშვილი იმ მაჟორიტარებს შორისაა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს და კრიტიკას ღიად გამოხატავს. მოსალოდნელია, რომ მმართველი უმრავლესობა და ცალკეული მაჟორიტარები სწორედ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ერთიან პოზიაციაზე ჩამოყალიბებას ვერ შესძლებენ, რაც არჩევნების წინ მათი გამიჯნის მიზეზი იქნება.