კანონპროექტზე პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური მრჩევლის სკეპტიკური

კანონპროექტზე პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური მრჩევლის სკეპტიკური

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური მრჩევლის "სკეპტიკური დამოკიდებულება" ბევრ კითხვას აჩენს.

როგორც პრემიერი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, მისთვის მათი ამგვარი პოზიცია გაუგებარია.

"რაც შეეხება პრეზიდენტსა და მის ეკონომიკურ მრჩეველს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აქვთ მათ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით. მათი ამგვარი პოზიცია ბევრ კითხვას აჩენს", - აცხადებს პრემიერი.

მისივე განმარტებით, თუ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაშინ პარლამენტი მოახდენს მობილიზებას ამ ვეტოს დასაძლევად, როგორც ეს წინა რამდენიმე შემთხვევაში მოხდა და პრეზიდენტის ვეტოები დაძლეულ იქნა.

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტმა მათი რჩევები გაითვალისწინა.

"ამ კანონპროექტმა თავდაპირველად მღელვარება გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, აზიის განვითარების ბანკში, EBRD -ში, მსოფლიო ბანკში და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა, წლებია თანამშრომლობს. ეს ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შესაბამისად, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ავუხსენით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიზება, პირიქით, ჩვენი ამოცანა მისი დეპოლიტიზებაა. მეგობარმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვცეს და მე მიხარია, რომ ჩვენმა პარლამენტმა ეს რეკომენდაციები გაიზიარა", – აღნიშნავს ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, მას არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელთან აბსოლუტურად საქმიანი და კონსტრუქციული დამოკიდებულება აქვს, თუმცა თუ დაინახავს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტო საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამაზე ძალიან მძაფრი და მკაფიო პოზიცია ექნება.