თინა ხიდაშელი - ISIS-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს განვითარების საშუალება თუ მიეცა, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება

თინა ხიდაშელი - ISIS-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს განვითარების საშუალება თუ მიეცა, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება

ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან ISIS-ის ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ISIS-ის მიერ კავკასიაში ვილაიეთის ჩამოყალიბების გამო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მინისტრმა განმარტა, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია მშვიდი აქამდეც არ ყოფილა. თინა ხიდაშელის თქმით, რუსეთი უნდა იყოს კონცენტრირებული ჩრდილო კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე რეაგირებით და არა მეზობელ ქვეყნებთან საომარი მოქმედებებით. მინისტრის განმარტებით, ISIS-ის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეებს თუ მიეცა განვითარების საშუალება, დამანგრეველი იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად.

"ძალიან მძიმე დღეები იყო მთელი მსოფლიოსთვის. ჩრდილო კავკასია განსაკუთრებით, ვფიქრობ, არც აქამდე იყო ყველაზე უფრო მშვიდი ადგილი და ის საუბრები, რომელიც დღეს ჩვენ გვესმის ექსპერტების მხრიდან, ბუნებრივია გარდა ამ საუბრებისა არის კონკრეტული ინფორმაციები. დღეისათვის რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ხდება - არა, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან მათ ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ცუდი არ იქნება, რომ რუსეთი უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს და დაკავდეს სწორედ ჩრდილო კავკასიაში საფრთხეების ერთი მხრივ შეფასებით და მეორე მხრივ მათზე რეაგირებით, ნაცვლად იმისა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში საომარ მოქმედებებს აწარმოებდეს. იმიტომ, რომ ეს არის საფრთხე იმ ტიპის, იმ ხარისხის, იმ მასშტაბის, რომელიც თუ მას მიეცა განვითარების საშუალება, შესაძლებელია, დამანგრეველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად. ამიტომ ყველა ერთობლივი ძალით უნდა ვიყოთ ამ საფრთხესთან ბრძოლაში ჩართული და არა ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართული", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება, ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდის, "ლაბუნის" შემოსვლის ოფიციალურ ღონისძიებაზე გააკეთა.