"WikiLeaks" ამერიკის მიერ საფრანგეთის ხელისუფლებაზე თვალთვალის შესახებ ახალ მასალებს ხვალ გამოაქვეყნებს

ინტერნეტგვერდი "WikiLeaks" ორშაბათს ახალი მონაცემების გამოქვეყნებას აპირებს აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ საფრანგეთის ხელისუფლებაზე თვალთვალის შესახებ. ამ ინფორმაციას რუსული ტელეარხის გადაცემა "ვესტის" კორესპონდენტი ავრცელებს, რომელმაც საიტის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟთან ინტერვიუ ჩაწერა.

ასანჟის განცხადებით, ამერიკა დაზვერვისა და სხვა ქვეყნების თვალთვალის საკითხებში ლიდერი სახელმწიფოა, რასაც პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის იყენებს. ასანჟი ირწმუნება, რომ ვებგვერდ "WikiLeaks"-ზე მუშაობას არ შეწყვეტს.

ცნობილია, რომ აღნიშნულმა ვებგვერდმა 23 ივნისს ასევე გამოაქვეყნა ამერიკის უშიშროების ეროვნული სააგენტოს მონაცემები საფრანგეთის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების შესახებ.