ამერიკული ხომალდის ბათუმის ნავსადგურში შემოსვლა არის ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის ხაზგასმა

ამერიკული ხომალდის ბათუმის ნავსადგურში შემოსვლა არის ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის ხაზგასმა

ამერიკული ხომალდის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში არის ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკული სამხედრო ხომალდის, "ლაბუნის" დახვედრის ღონისძიების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამერიკა და საქართველო ერთად აპირებს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რისი დასტურიცაა ერთობლივი მოქმედებები ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. დავით უსუფაშვილის განმარტებით, დღევანდელი მოვლენა მკაფიო მესიჯია იმისა, რომ საქართველო არ არის მარტო და ქვეყანა არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრი.

"ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში ეს არის მნიშვნელოვანი მოვნელა, ეს არის ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობისა და იმისა, რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ გავუმკლავდეთ საფრთხეებს, თუ ისინი ექნება ჩვენს ქვეყნებს თუ მსოფლიო მშვიდობას. ამის დასტურია ჩვენი ერთობლივი მოქმედებები ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. ორ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში მათ შორის, სამხედრო სფეროში. დღევანდელი მოვლენა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ საჭიროა რაც შეიძლება მკაფიოდ იყოს ეს მესიჯი გაგზავნილი ყველასთის, რომ საქართველო არ არის მარტო, საქართველო არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა და მსოფლიო თანამეგობრობა მზად არის, საქართველოსთან ერთად, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს საქართველოში, ხომალდის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს იმისთვის, რომ ისინი საქართველოს სტუმრები არიან. დავით უსუფაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობას, რომელიც ამერიკელ სტუმრებს მასპინძლობს.

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდი "ლაბუნი" დღეს დილით შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურში მყოფ ხომალდზე დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები. "ლაბუნი" არის გამანადგურებელი, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი, რომელიც ექსპლუატაციაში 1988 წელს შევიდა. ხომალდი მონაწილეობდა ერაყის ომში და ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.