პოლ გობლი - საქართველომ

პოლ გობლი - საქართველომ "ისლამურ სახელმწიფოს" არ უნდა მისცეს იმის თქმის შანსი, რომ მართლმადიდებელი თბილისი მუსლიმებს თავს ესხმის

ამერიკის შეერთებულ შტატებში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში სახალიფოს - ალ-კავკაზის ჩამოყალიბებას აფასებენ. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ტომ მალინოვსკი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, ქვეყნების მთავრობებს და მოქალაქეებს მსგავსი ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული. 

"ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისას მთავრობებმა ადამიანების უფლებები თავად არ შელახონ, რომ ტერორიზმისგან მომავალი საფრთხეები მოსახლეობის ლეგიტიმური მშვიდობიანი უკმაყოფლების შესაზღუდად არ გამოიყენონ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ეს კონტრტერორიზმის ცუდი პოლიტიკაა", - ამბობს მალინოვსკი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია ისეთივე უნდა იყოს, როგორც ეს დანარჩენ მსოფლიოშია და ტერორიზმის დამარცხებისკენ უნდა იყოს მიმართული.

"ვფიქრობ, ფორმულა მთელს მსოფლიოში ერთი და იგივეა - მათთან ბრძოლა, მათი დაპატიმრება და გასამართლება. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ მათი ბრძოლის ველზე დამარცხება, ისევე, როგორც ამას ერაყსა და სირიაში ვცდილობთ. მაგრამ მთავრობებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტერორისტული პროპაგანდა ქვეყანაში არსებული უკმაყოფილებებით არ უნდა ასაზრდოონ. თუ ხალხი კორუფციით, პოლიტიკური შეზღუდვებით, ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობით უკმაყოფილოა, მათ ამის გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. თუ მთავრობა ხალხს ამ უფლებას შეუზღუდავს, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება, ამით ვითარებას მხოლოდ გააუარესებენ", - აცხადებს მალინოვსკი.

ევრაზიის საკითხების ცნობილი ანალიტიკოსი პოლ გობლი, თავის მხრივ, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა, ერთის მხრივ, ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის მქონე პირები გამოავლინოს და მეორეს მხრივ, ამ პროცესში უდანაშაულო მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია არ მოხდეს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველომ იმის ჩვენება შეძლოს, რომ ის ყველა რელიგიის მიმართ ტოლერანტულია და "ისლამურ სახელმწიფოს" არ მისცეს იმის თქმის შანსი, რომ ისტორიულად მართლმადიდებელი თბილისი მუსლიმ მოსახლეობას თავს ესხმის. ამავდროულად საქართველომ დაზვერვის და ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს, რათა ტერორისტულ ჯგუფებთან დაახლოებული მოქალაქეები გამოავლინოს. ამიტომაც მთავრობას დიდი სიფრთხილე მართებს", - განაცხადა გობლიმ.

იგი იზიარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის რეკომენდაციას, რომ აუცილებელია მუსლიმი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებასთან. პოლ გობლის თქმით, 2001 წლის 9 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ამერიკას მიაჩნდა, რომ ტერორიზმს მხოლოდ ძალით უნდა დაპირისპირებოდა, ახლა კი დასავლეთი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ იდეოლოგიურ ოპონენტებს, ძალასთან ერთად, იდეოლოგიაც უნდა დაუპირისპირო.

"ბოროტების ამ ძალებს მხოლოდ ძალითვე ვერ დავამარცხებთ, მაგრამ ბოროტი ძალები კარგი იდეების - დემოკრატიისა და თავისუფლების გაძლიერებით დამარცხდებიან", - აღნიშნა პოლ გობლიმ.