გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული

გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული

გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ავტომობილების მძღოლებმა განუცხადეს, ისინი უკვე მეოთხე დღეა გზის ამ მონაკვეთზე შეფერხებულები არიან და საპატრულო პოლიცია ყაზბეგის გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს. 

მათი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებში, რომლითაც ისინი იმყოფებიან, მოთავსებულია რუსეთის ტერიტორიაზე გასატანი ქართული ღვინო, ბორჯომი, ლიმონათი და ხილი. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ პროდუქციას შეფერხების გამო გაფუჭების საფრთხე ემუქრება.

რაც შეეხება მიზეზს, მძღოლების თქმით, საპატრულო პოლიცია მათთან საუბარში აცხადებს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეფერხებაა და ამის გამო არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას. ასევე, ქართველი მძღოლები აცხადებენ, რომ განსხვავვებით მათგან, გამშვები პუნქტისკენ გადაადგილების უფლება ეძლევათ სომხეთის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან ქართული პროდუქტი გააქვთ. 

სატვირთო ავტომობილები გაჩერებულები არიან დუშეთიდან რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე. მძღოლების ინფორმაციით, გაჩერებულია რამდენიმე ასეული სატვირთო ავტომობილი.