29 ივნისს ფეხბურთის ფედერაციაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც გახდება ცნობილი სად, როგორ და როდიდან გაიყიდება სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთები. წარმოდგენილი იქნება განმარტებითი ვიდეორგოლი. ამის თაობაზე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერში" ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. სიჭინავას თქმით, შესაბამისი დავალება ფედერაციას უეფამ მისცა.
ამასთან, სიჭინავას თქმით, დღესაც ჰქონდათ მიმოწერა უეფასთან, სადაც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ბილეთებს კომპანია biletebi.ge გაყიდის.
"8 თვის განმავლობაში საქართველოში უეფას წარმომადგენელი, დელეგატი, მუშაობს, რომელმაც ყველა ის კომპანია აირჩია, რომელიც სუპერთასის თამაშს მოემსახურება. საუბარია არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვაზე, არამედ კვებაზე, ტრანპორტირებაზე, პარკინგზე და ასე შემდეგ. ფეხბურთის ფედერაციამ თავის დროზე, გერმანიის თამაშის წინ ძვირადღირებული პროგრამა შეიძინა, რომელშიც 60 ათასია გადახდილი და დატესტილია გერმანიის თამაშზე. მაშინ ამ პროგრამით 12 ათასი ბილეთი გაიყიდა. ვთხოვეთ უეფას, ჩვენთვის მოეცათ ბილეთების გაყიდვის საშუალება, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან კომპანია biletebi.ge-ს 6-წლიანი გამოცდილება აქვს და უპირატესობა მას მიანიჭეს", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.