ჰენრი კერალი - თუ კანონში აუცილებელია ცვლილება, ახალი საბანკო საზედამხედველო სამსახურის დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს

ჰენრი კერალი - თუ კანონში აუცილებელია ცვლილება, ახალი საბანკო საზედამხედველო სამსახურის დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს

თუკი აუცილებელია ცვლილება კანონში, ახალი საბანკო საზედამხედველო სამსახურის დამოუკიდებლობა უნდა იქნას შენარჩუნებული, - ასე ეხმაურება მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. 

"ჩვენ ერთობლივი წერილით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ თუკი აუცილებელია ცვლილება კანონში, ახალი საბანკო საზედამხედველო სამსახურის დამოუკიდებლობა უნდა იქნას შენარჩუნებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ავალდებულებს მას უზრუნველყოს ამ დაწესებულებების დამოუკიდებლობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ჰენრი კერალიმ.

მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა ისიც, რომ თუკი ცვლილებები განხორციელდება, ეს სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.

პარლამენტმა დღეს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კენჭი ეყარა გამომდინარე პროექტებსაც.

ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.